სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » მაისი » 28
სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ. აბბა ისაია როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს. წმინდა იოანე ოქროპირი როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი. წმ. ამბროსი მედიოლანელი ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს. წმ. ნილოს სინელი რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს. დედა სინკლიტიკია
ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი. პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი
ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე მივაგო - იტყვის უფალი" (რომ. 12, 19). პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი
მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი. წმ. ეფრემ ასური
რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება. წმ. იოანე ოქროპირი
|
წმიდა მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IVს.) ხსენება 14 (27) იანვარი, 19 მაისი (1 ივნისი)
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.
|
წმიდა მოციქული ფილიპე
წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ
ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა" (ინ. 14,8).
ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.
|
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117) 8 (21) მაისი
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა" უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
|
წმიდა იოანე ნათლისმცემელი
ტროპარი: წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა. კონდაკი: ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მჴომარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლის-მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუვრდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
|
 ხელთუქმნელი ხატი უფლისტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა. კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა-მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.
|
წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786)
მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაითა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა.
|
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა. კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.
|
 საქართველოს სიწმინდეებიღვთისმშობლის კვართი (ზუგდიდი)
|
 წმიდა სამების საკათედრო ტაძარი
|
წმ. ეფრემ ასური - სიყვარულისათვის
ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე. ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს".
|
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?" „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა". მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები".
|
 ტროპარი: მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.
|
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშემრდომებმა ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით , ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს . იმ დროს ქალაქ ნიკეაში, ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვეს და ერთ–ერთმა მათგანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი გადმოცემის მიხედვით , მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაპირდა ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მერე ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმინდა ხატი ჩაძირვისაგან". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა:
|
სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი
საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.
წმ. მაკარი დიდი
როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი
რისთვის განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად იქცევი.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ამპარტავნება – ეს წყალქვეშა ქვაა, რომელზედაც ხშირად იმტვრეოდნენ ისინიც კი, ვინც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა გრიგალებსა და სხვადასხვა განსაცდელებს.
|
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, შემდეგ, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვებების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებში შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ერთ დროს ქრისტეს მოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. . . "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთს და მიიქცეს გზათგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძველითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია. ასე გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმმან დავით, ღმერთისა მამისაგან და თვით სამეოცდამეთსხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით". საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელის მპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.
|
ტროპარი: იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა. კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
|
ტროპარი: სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი. ტროპარი: თაყუანისა ვსცემთ რწმენითა ღმრთიურსა და საკვირველსა ხატსა შენსა, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომელი ბარძიმისა შეუსმელისაგან გულმოწყალებისა შენისაგან დაარწყულებ ჩუენთა გულთა და კეთილმორწმუნეთა კაცთა მოუვლენ საწაულთა. ჩუენცა, მხილველნი და მსმენელნი ამისა, ვიხარებთ სულიტა და ლხურვალედ გიღაღადებთ: დედოფალო უმოწყალესო, განკურნენ სნეულებანი და ვნებანი ჩუენნი, ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, დახსნისათვის სულთა ჩუენთა.
|
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი.
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინე, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი და ღირსი თეოზვა დიაკონისა. სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: "რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაი". კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.
|
 ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ტროპარი: სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
|
ბერების სენაკები
|
ტროპარი: ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.
|
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები - ღარიბი მიწათმოქმედები - კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. წმიდა იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.
|
ტროპარი: ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.
|
ტროპარი: გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღუთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღუთისმშობელისა მიმართ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ მოანიჭის ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.
|
კონდაკი: ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.
|
ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო. გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა. ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო. ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო. შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდმო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წასულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.
|
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა:"და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე;17,2) . ლუკა მახარობელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: "და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაი სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე"(ლუკა 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად,რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი. როცა იესო ქრისტე მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ:"და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანაზრახვიდეს"(მათე17.3) მახარებელი ლუკა იმასაც გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს:" იტყოდეს განსვლასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს".(ლუკა;9,31).განსვლაში აქ იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან, მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.
|
ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
|
ტროპარი: მამულისათვის ჩუენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიხსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდეთ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
|
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
|
ღირსი ექვთიმეს მშობლებს - მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე - სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ. სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: "წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაითა". იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: "სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ხორცთაითა ცხონდებოდა და ჟამისწირვაი ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაი და მოწყალებაი".
|
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მტავარანგელოზო გაბრიელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა შენითა შეგვზღუდენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩუენ, დიდი მთავარო ზეცისა ძალთაო. კონდაკი: ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმინდაო, აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
|
წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
|
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე - კანანელი კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გუილთ ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში... წმიდა სვიმეონმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად. წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.
|
წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი
ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
|
ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში - პროხორი მოშნინი) - რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი - დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის - აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება. პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა. პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო.
|
სამება-ჯიხეთის მონასტრის დედების გალობა: 1) დიდება მაღალიანი; 2) დღეს საღმრთომან მადლმან 3) ისპოლა 4) კურთხეულ ხარ შენ ქრისტე 5) მამაო ჩვენო 6) მრწამსი 7) ნათელო მხიარულო 8) ნათლისღების სადიდებელი 9) ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 10) საშოთ მთიებისა 11) სულო ჩემო 12) უფალო ღაღად-ვყავ 13) წიაღნი მამულნი 14) წმინდაო ღმეერთო 15) ყოვლისა დაბადებულისა
|
ტროპარი: ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.
|
 სასწაულები
|
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა. კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
|
წმიდა დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა. დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ხედავდა რა ბარბარეს გასაოცარ მშვენიერებას, მან გადაწყვიტა, ნეტარი გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: მაღალი კოშკი ააგო, ასული შიგ გამოკეტა და წარმართი აღმზრდელების გარდა მასთან არავის უშვებდა. გოდოლში გამომწყვდეული წმიდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა: დღისით აყრილი ტყეებით დაფარულ მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, მინდვრის ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ ხალიჩას გასცქეროდა, ღამით - მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილ თვალუწვდენელ ცას. მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. აღმზრდელები მას ასწავლიდნენ, ყველაფერი იმ კერპებმა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებითო, თავად კი თანდათან იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. ქალწული თანდათან ივსებოდა ღვთის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა.
|
 ტროპარი: აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსითა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გჳრგჳნოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რაჲთა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
|
ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა
შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი. კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.
|
ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს. მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.
|
|
|
|
|