სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 09
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა...
თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო. ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო ოთახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.
|
უფალო, დიდება შენდა!
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა. ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.
|
ანგელოსთა რა იხილეს შესვლა ყოვლადწმიდისა, დაუკვირდათ,
ვითარ ქალწული შევალს წმიდათა შორის წმიდათასა
ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: „ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანნამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მეგობრები, სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა, ამ შეკრებაზე მან მარიამიც მიიყვანა და ყველას სთხოვა, რომ იგი დაელოცათ. „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა". ამგვარი კურთხევა წარმოსთქვეს ღვთისმსახურებმა მარიამის მიმართ, ხოლო დამსწრეთ უპასუხეს: „ამინ, იქნას ესრეთ".
|
შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო,
სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა
ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?" - ამბობდნენებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა. წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ და როდესაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრა.როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როცა რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, როცა ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა - მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.
|
|
|
|
|