სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
10:26 ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება |
ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით. მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი. როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე. ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებმა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა". - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა". ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა". უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს. მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა: „მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!" და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში. როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს. მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი. ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენას გვაძლევს ნუგეშად. ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი. ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებს მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს! ღვთიმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვით თავდება: „უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი". დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს: „ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ".
|
კატეგორია: სხვა და სხვა |
ნანახია: 753 |
დაამატა: daviti
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|