სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » წმინდანები
წმიდა დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა. დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ხედავდა რა ბარბარეს გასაოცარ მშვენიერებას, მან გადაწყვიტა, ნეტარი გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: მაღალი კოშკი ააგო, ასული შიგ გამოკეტა და წარმართი აღმზრდელების გარდა მასთან არავის უშვებდა. გოდოლში გამომწყვდეული წმიდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა: დღისით აყრილი ტყეებით დაფარულ მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, მინდვრის ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ ხალიჩას გასცქეროდა, ღამით - მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილ თვალუწვდენელ ცას. მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. აღმზრდელები მას ასწავლიდნენ, ყველაფერი იმ კერპებმა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებითო, თავად კი თანდათან იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. ქალწული თანდათან ივსებოდა ღვთის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა.
|
ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს. მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.
|
|
|
|
|